ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პოპულარული ქვეყანა, არქიტექტურის მოყვარულებს ნამდვილად შთააგონებთ. თუ ხორვატიაში მოგზაურობთ, ბოსნია და ჰერცოგოვინაშიც რომ გაატაროთ რამდენიმე დღე, ნამდვილად არ ინანებთ.
1. თუ ცურვა იცით და ექსტრემალური თავგადასავლები გხიბლავთ, ხიდიდან ხტომას გამოცდით
ქალაქ მოსტარში, ცნობილი ძველი ხიდიდან, რომელიც სიმაღლეში 20 მეტრამდე აღწევს, მდინარე ნერეტვაში ხტებიან. ყოველი წლის ივლისში კონკურსიც კი ეწყობა.

2. იგრძნობთ ომს და მშვიდობას სარაევოში
ბოსნიის დედაქალაქი, ოტომანური ეპოქის ცენტრი იყო და ავსტრო-უნგრული არქიტექტურით გამოირჩევა. ის ფოტოგენური, მეგობრული ქალაქია, თუმცა, მისი სახელი ტურისტებმა მხოლოდ ომით იციან. საუკუნის წინ პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი სწორედ ამ ქალაქთანაა დაკავშირებული: გავრილო პრინციპმა სარაევოში მოკლა ავსტრიის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი.

3. დაკავდებით ღვინის ტურით
ჰერცოგოვინას მთებში თვალუწვდენელი ვენახები იმალება, რომლებიც იშვიათი სახეობის ყურძნის ჯიშებს გვთავაზობენ. მშრალი თეთრი ღვინისთვის გამოსცადეთ – živalka. წითლისთვის – blatina და vranac. თუ მანქანას იქირავებთ, მიყევით ღვინის ტურის გზას (wineroute.ba), რომელიც ულამაზეს ვენახებს და მარნებს განახებთ. თუ უბრალოდ 1-2 ჭიქის გასინჯვა გსურთ, რესტორნებში სახლის ღვინო მოითხოვეთ და ადგილობრივ პროდუქტს დააგემოვნებთ.

4. იხილავთ “მსოფლიოს უდიდეს პირამიდას” ვისოკოში
არსებობს მოსაზრება, რომ ვისოკოში მსოფლიოს უდიდესი პირამიდა მდებარეობს, რომელიც დროთა განმავლობაში მთით და ქალაქით შემოისაზღვრა. ეჭვს ბადებს ქალაქის ქვეშ არსებული გვირაბების ლაბირინთიც, რომელიც 10 000 წლისაა.

5. გაეცნობით მდიდრულ ყავის კულტურას
ნებისმიერ დროს, როცა ბოსნიელებს რაიმე მნიშვნელოვანის განხილვა სურთ, უახლოეს კაფეში მიდიან. მათთვის სწორედ ყავაა საუბრის დაწყების წინაპირობა. რთულია ამ ქვეყანაში ცუდი ყავა დააგემოვნოთ. თავად ბოსნიელები იტალიური სტილის ესპრესოს ამჯობინებენ, მაგრამ კლასიკური ბოსნიური ყავა უნიკალურია. ის თურქულს წააგავს, მაგრამ მისგან განსხვავებით, სხვა ტექნიკით მზადდება.

6. დააფასებთ ოტომანურ არქიტექტურულ საგანძურს
ბოსნიის არქიტექტურული მემკვიდრეობა ოტომანურ და ცენტრალური ევროპის სტილს აირეკლავს. ქალაქები მოსტარი და სარაევო ამის მშვენიერი მაგალითებია. ტრავნიკი ორ ძველ საათის კოშკს, ფერად მეჩეთს და ციხესიმაგრეს წარმოგვიდგენს. ვიშეგრადიც ანტიკური ქალაქია.

7. სუნთქვა შეგეკვრებათ მდინარე უნას ჩანჩქერების ხილვისას
უნას ეროვნულ პარკში უამრავი გასაოცარი ფორმის ჩანჩქერი მდებარეობს, თუმცა ყველაზე დრამატულს Štrbački Buk ეწოდება. ზაფხულობით აქ კაიაკის და ჯომარდობის ტურები ეწყობა.

8. ისრიალებთ ბჟელაშნიცაზე
თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ, 1 საათში შეგიძლიათ სათხილამურო ბილიკზე აღმოჩნდეთ. ეს Bjelašnica-აა, ბოსნიის გამორჩეული კურორტი. ის სარაევოს აეროპორტიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

9. ილაშქრებთ სუტჯესკას პარკის ულამაზეს ტყეებში
Sutjeska National Park – ევროპაში გამორჩეული ტყეებითაა ცნობილი. ამ ეროვნულ პარკში მხოლოდ გიდის თანხმებითაა ვიზიტი შესაძლებელი, თუმცა თუ პარკის ტერიტორიაზე არ შეხვალთ, მის გარშემო ბევრი სალაშქრო ბილიკია ყველასათვის. შეგიძლიათ სასტუმრო მლადოსტთან ველოსიპედი იქირაოთ და ტერიტორია ისე დალაშქროთ.

10. აქ ბევრ ატმოსფერულ ციხესიმაგრეს იხილავთ
Ostrožac Fortress – გოთიკური ციხესიმაგრეა, რომელიც საშნელებათა ჟანრის ფილმის გადასაღებ მოედანს ჰგავს. Jajce Fortress – ზღაპრული ციხეა, რომელიც წინა საუკუნეებში გადაგაგდებთ. გამორჩეულია – Ključ-იც. აქ კიდევ ძალიან ბევრი ციხესიმაგრე მდებარეობს. ამიტომაც, თუ ციხესიმაგრეები გიტაცებთ, ბოსნია და ჰერცოგოვინა თქვენთვის აუცილებლად მოსანახულებელი ქვეყანაა.











